
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები შპს "როუდ პლიუსი" და შპს "ბილდინგ გრუპ 17" ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ.
კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 22,108,948 ლარის ტენდერები მიიღეს. აქედან 12,129,286 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის.
შპს "როუდ პლიუსი"
TI-ის ცნობით, შპს "როუდ პლიუსი" 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი თავად ზაზა ანთიაა.
კომპანია 2021 წლიდან დღემდე 46 ტენდერში მონაწილეობდა და 16 შემთხვევაში გაიმარჯვა. მიღებული თანხების ჯამური ოდენობა 10,043,113 ლარია, საიდანაც 3,715,316 ლარი ზუგდიდის მერიაზე მოდის.
ორგანიზაციის ცნობით, "როუდ პლიუსს" 16 მოგებული ტენდერიდან 8-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 3 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო.
შპს "ბილდინგ გრუპ 17"
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, 2017 წელს რეგისტრირებული შპს "ბილდინგ გრუპ 17"-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ზაზა ანთიას დედა, აზა ჩიხლაძეა, სატენდერო დოკუმენტაციას კი ხელს აწერს სწორედ ზაზა ანთია, როგორც მინდობილი პირი.
შპს "ბილდინგ გრუპ 17" ტენდერებში 2018-2021 წლებში მონაწილეობდა, ჯამში 74 ტენდერიდან 32-ში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 12,005,725 ლარი შეადგინა, საიდანაც 8,333,860 ლარის ხელშეკრულებები ზუგდიდის მერიაზე მოდის.
კომპანიამ ზუგდიდის მერიისგან ასევე 60,110 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
ორგანიზაციის ცნობით, მას 32 მოგებული ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 ტენდერში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.