ჩეჩნეთში, უცნობი პირები "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტ ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს თავს დაესხნენ.
ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზარემა მუსაევას საქმის სასამართლო პროცესზე მიდიოდნენ. ადვოკატ ალექსანდრ ნემოვი ზარემა მუსაევას იცავს. მუსაევა აქტივისტების, აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევების დედა და ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის მეუღლეა.
გამოცემა წერს, რომ მუსაევა ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალებმა 2022 წლის იანვარში ნიჟნი ნოვგოროდის ბინიდან გაიტაცეს და ძალით წაიყვანეს ჩეჩნეთში.
"ნოვაია გაზეტას" ცნობით, მილაშინა და ნემოვი აეროპორტიდან გროზნოში მიმავალ ავტომობილში ისხდნენ, როცა ნიღბიანმა პირებმა გააჩერეს და სასტიკად სცემეს. გაანადგურეს ტექნიკა და დოკუმენტები.
ჟურნალისტს მოტეხილი აქვს თითები, დაუდგინდა თავის ტრავმა. ადვოკატს კი მოძრობა და საუბარი უჭირს, მედია წერს, რომ ის დაჭრილიცაა, თუმცა აპირებს სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს.