"ქართული ოცნების" დეპუტატი, შოთა ხაბარელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "მშვენივრად გამოიყურება" და "შეტევაზეც გადმოდის".
ამის შესახებ ხაბარელმა "მთავარი არხის" ჟურნალისტთან განაცხადა. "ოცნების" დეპუტატი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა და ვოლოდიმირ ზელენსკი ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა.
"ზელენსკი პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო და ახლა ზელენსკის გადაწყვეტილება, რომ აბრალის მიხეილს სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე წელია ციხეშია და ახლა მიიღო ეს გადაწყვეტილება? როდესაც ქვეყანა გიყენებს ულტიმატუმს ასეთი ფორმით, ეს მიუღებელია ქვეყნისთვის, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის.
ძალიანაც კარგად გამოიყურება, მშვენივრად გამოიყურება, პოლიტიკურ განცხადებებს კარგადა აკეთებს, ორი წლის უკან ჩვენ გვეგონა რომ უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ ცოცხალია და შეტევაზეც გადმოდის", - თქვა შოთა ხაბარელმა. [სტილი დაცულია]
შეგახსენებთ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.