
იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე ისევს ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია და ის ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება. ბრეგაძე მიუღებელს უწოდებს უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ "ვინც არ უნდა იყოს, ვერავისგან მიიღებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს":
"ეს განცხადება არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ არ არის მოყვანილი არც ერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ამ ყველაფერს ვერასოდეს დავეთანხმები გადმომდინარე იქიდან, რომ თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი არის ნამდვილად საქართველო.
ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ გამუდმებულ რეჟიმში მას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამის მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ისაა წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა? თუ ისაა, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ?... ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას." ამბობს ბრეგაძე
ბრეგაძის თქმით, ექიმების რეკომენდაციებს არც მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ასრულებს, რომლებსაც მედიკოსებმა განუსაზღვრეს, რა საკვები უნდა მიეტანათ ავადმყოფისთვის.