კამათის და ხმაურის ფონზე ჩაიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ზაზა თავაძესთან გასაუბრების პროცესმა პარლამენტში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს 7 საათის განმავლობაში ცდილობდა მისი უპირატესობა დაემტკიცებინა და დაერწმუნებინა კანონმდებლები, რომ მხარი დაუჭირონ.
დიპლომი და მისი იურიდიული განათლება, ის საკითხი იყო, რომელზე შეკითხვებსაც მთავარი პროკურორის მსგავსად ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აარიდა თავი. ოპოზიციამ მას ბაკალავრობა დაუწუნა.
ზაზა თავაძეს ასევე მოუწია განემარტა, რატომ აჭარბებს მისი შეძენილი ქონება შემოსავალს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერს კანონიერად ფლობს. „ევროპულმა საქართველომ“ დღეს სხდომაზე მისი ქონებრივი დეკლარაციები წარადგინა და პასუხიც მოსთხოვა.
თავაძეს ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებებზეც მოსთხოვა პასუხი, მათ შორის რატომ დანიშნა მოადგილედ მოსამართლე მერაბ ტურავა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვერც მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე საუბარს აცდა.
იმ შემთხვევაში თუ ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდება, ის საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაემშვიდობება. თავაძე მეათე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში მოუსმინეს.