
პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი "ტვიტერზე" ამჯერად უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, საქართველოს ელჩის გამოძევებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნაზე და წერს, რომ ახლა უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება.
პაპუაშვილის თქმით, სწორედ ევროსასამართლომ დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია:
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, რათა გაიმარჯვოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე.
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა. ამრიგად, თვითდაზიანებისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც სააკაშვილის პოლიტიკური სტრატეგია ციხიდან თავის გათავისუფლების მიზნით, მიუღებელი და ამორალურია" წერს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.