როსტომ ჩხეიძე "ქოცების" დასახმარებლად რეგისტრირდებოდა სხვა დეპუტატების სახელითაც - ხვიჩია

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატი, როსტომ ჩხეიძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ სხვა დეპუტატების სახელითაც გადიოდა რეგისტრაციას.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს თავდაცვის ახალი კოდექსი უნდა განეხილათ, თუმცა კვორუმის არქონის გამო სესია ვერ შედგა. რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი 76 იყო საჭირო.

ხვიჩიას განცხადებით, ისინი ამიერიდან როსტომ ჩხეიძეს მოექცევიან როგორც თაღლითს.

"ბატონი როსტომ ჩხეიძე, ღვაწლმოსილი ადამიანი, რომელიც სხვა პროფესიაში არის წარმატებით ცნობილი. დღეს იქცეოდა თაღლითურად და რეგისტრირდებოდა ქოცების დასახმარებლად სხვა დეპუტატების სახელითაც. თუ მას ეს დაუდასტურდა და თუ მე რამე შემეშალა, ბოდიშს მოვიხდი. ის არის ჩვეულებრივი თაღლითი, არანაირი ღვაწლმოსილი პროფესორი, არის თაღლითი და მას ჩვენ მოვექცევით როგორც თაღლითს", - ამბობს იაგო ხვიჩია.

ოპოზიციონერები განხილვის გადადებას "ქართული ოცნების" დამარცხებას უწოდებენ. მათივე განცხადებით, თავდაცვის კოდექსი არის დისკრიმინაციული და იგი კიდევ ერთი ბერკეტი იქნება ხელისუფლებისთვის, რათა არჩევნები გააყალბოს.

ოპოზიციონერები განმარტავენ, რომ ახალ კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ გაივლიან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პროექტი შეთანხმებულია საქართველოს პარტნიორებთან და ეს არის ის ჩარჩო, რომელიც ქართულ ჯარს სჭირდება. პაპუაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ოპოზიციის წინააღმდეგობისა, "ქართული ოცნება" თავდაცვის კოდექსის შესახებ კანონპროექტის განხილვას კვლავ გააგრძელებს. 

მისივე თქმით, სხდომები გაგრძელდება მომდევო დღეებში, როცა მმართველი პარტიის დეპუტატები მივლინებიდან დაბრუნდებიან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი