
"რეანომობილი სვანეთს" - ადგილობრივმა მოსახლეობამ პეტიცია გაავრცელა და ხელმოწერებს აგროვებს.
„სამეგრელოს რეგიონიდან გამოძახებული რეანომობილი მესტიის ამბულატორიაში კარგ შემთხვევაში იმყოფება 5-6 საათის შემდეგ გამოძახებიდან, ამას ემატება უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო, ფაქტობრივად სასწრაფო გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ადამიანი დახმარებას იღებს 10-12 საათის დაგვიანებით, რაც არაერთხელ დასრულებულა ფატალურად. ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას“, - ნათქვამია მოქალაქეების პეტიციაში.
განცხადების თანახმად, რეანომობილის არარსებობა პრობლემაა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ სვანეთში მყოფი დამსვენებლებისთვის, ხოლო პრობლემა ნეგატიურად აისახება მუნიციპალიტეტის იმიჯზე და აზიანებს სვანეთის ტურისტულ პოტენციალს.