საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა შესაძლოა საბოლოოდ ჩიხში შევიდეს. ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის უპრეცედენტო გადაწყვეტილებისა და ოფიციალური თბილისის პასუხის შემდეგ ორი მეგობარი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობა ბუნდოვანი ხდება. საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციების მოლოდინშია, პარალელურად სახელისუფლებო პარტიის ლიდერები ღიად აფიქსირებენ მმართველი გუნდის პოზიციას, რამაც შესაძლოა პროცესები შეუქცევადი გახადოს. იმ შემთხვევაში თუ ოცნების ხელისუფლება კიევს საკუთარი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე საბოლოო უარს ეტყვის, სავარაუდოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ხისტ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკური ნაბიჯი მოჰყვება, რაც საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობას მინიმუმამდე დაიყვანს.