საჰაერო სივრცის ოკუპაცია - რუსეთი სრულ კონტროლს ამყარებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე. ქართული ოცნების ხელისუფლების პირველი ნებართვის და ფრენების აღდგენის შემდეგ, კრემლს მადა ეზრდება. მოსკოვის ახალი გადაწყვეტილებით რუსეთის ათამდე ქალაქიდან ინიშნება ახალი რეისები საქართველოს სამი ძირითადი აეროპორტის მიმართულებით. ვლადიკავკაზი, ეკატერინბურგი, პერმი, ჟუკოვსკი, დონის როსტოვი, ტიუმენი - უახლოეს მომავალში ამ ქალაქებიდან პირდაპირი რეისები დაინიშნება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით.
ეს ნიშნავს, რომ თვეში მინიმუმ 100 ათასი რუსეთის მოქალაქე ჩამოვა საქართველოში, ან ტრანზიტულად იმოგზაურებს. ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს. არც მმართველ პარტიაში და არც ხელისუფლებაში არაფრის თქმა არ უნდათ რისკებზე, რომლებიც რუსეთზე ეკონომიკის მიბმას და ევროკავშირის სანქციებზე უარის თქმას შეიძლება მოყვეს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბრძანებით, ირკვევა, რომ ავიაკომპანიებმა ნებართვა მიიღეს საქართველოს მიმართულებით რეისები კვირაში შვიდი დღე შეასრულონ - "აზიმუტსა" და "რედ ვინგსთან" ერთად რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული ავიაკომპანია - "რასიაც" იფრენს, ასევე კიდევ ერთი ახალი კომპანია - "იამალი" ფრენებს ტიუმენიდან შეასრულებს.