"არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!" - 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!" - ბანერები ამ წარწერებით კინოცენტრის თანამშრომლებმა იუსტიციის ხიდზე გადმოფინეს. 

კინოცენტრის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია კინოცენტრის რეორგანიზაციის შეჩერებას, ხელმძღვანელის კონკურსის წესით დანიშვნასა და კინოცენტრის მართვის ისეთი ფორმის შემუშავებას ითხოვენ, რაც მის დამოუკიდებლობას არ დაარღვევს. 

ამ მოთხოვნების გასაჟღერებლად კინოცენტრის თანამშრომლებმა 12 ივლისს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაც დააანონსეს. პროტესტის მონაწილე ხელოვანები და მათი მხარდაჭერები სამინისტროს შენობასთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

როგორც აქციის ორგანიზატორები განცხადებაში წერენ, დღეს ხელოვნების არცერთი სფერო არ არის თავისუფალი ზეწოლისგან. 

"12 ივლისი, 19:00, კულტურის სამინისტროსთან

დღეს, ცენზურის საფრთხე დღითიდღე უფრო და უფრო ღიად ემუქრება ხელოვნებას. სამთავრობო პოლიტიკა ცდილობს, ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს - შემოქმედებითი პროცესი მოაციოს ცენზურის ქვეშ, წაგვართვას წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

დღეს, ხელოვნების არც ერთი სფერო აღარაა თავისუფალი ამ ზეწოლისგან. ამიტომ, ჩვენი ერთიანობით უნდა დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება - ცენზურის დარყმის შემდეგი ობიექტი ნებისმიერი ჩვენგანის საყვარელი ფილმი, წიგნი, ნახატი, სასწავლებელი ან ლექტორი, მუსიკა ან მუსიკოსი, თეატრი ან მსახიობი რომ არ აღმოჩნდეს.

თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ვაყენებთ ორ მოთხოვნას:

• შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
• შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი

12 ივლისს სრულდება კინოცენტრში მიმდინარე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული რეორგანიზაცია და ცენზურის წინააღდეგ ჩვენი ბრძოლაც ახალ ეტაპზე გადადის!
გელოდებით 19:00-ზე, კულტურის სამინისტროსთან!

არა ცენზურას!
დამოუკიდებლობა კინოცენტრს!
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!" - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი