უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ Twitter-ზე გაავრცელა.
"სოფია. ბულგარეთი. მე გავმართავ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვათან, შევხვდები პრეზიდენტ რუმენ რადევს, მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. თავდაცვის მხარდაჭერა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოს სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და მშვიდობის ფორმულის იმპლემენტაცია", - წერს ზელენსკი.
როგორც უკრაინული გამოცემა Європейська правда წერს, პრეზიდენტი ბულგარეთში მოლდოვის დედაქალაქიდან ჩაფრინდა. ბულგარეთის სამთავრობო თვითმფრინავი კიშინიოვიდან 11:06 საათზე გამოფრინდა და სოფიაში 12:04 საათზე ჩაფრინდა.
ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია გაბრიელმა, რომელმაც Twitter-ზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის ამსახველი ფოტო წარწერით - "მოგესალმებით ბულგარეთში".