მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ასე იქცეოდეს, როგორც დღეს ქართული ოცნება იქცევა - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე და ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას შესაძლოა საერთოდ არ სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროპარლამენტარი ასეთ დასკვნას მმართველი პარტიის ლიდერების რიტორიკიდან გამომდინარე აკეთებს:
"ის გზა, რომელსაც ქართული ოცნება ირჩევს, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. მე ვნახულობ ბატონ კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც სავსეა სიძულვილის ენით ევროპარლამენტის მიმართ, ევროპელი და არა მხოლოდ ევროპელი ელჩების მიმართ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას საერთოდ არ სურს კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
როდესაც ევროპარლამენტს უტევ როგორც ინსტიტუტს, ეს ნიშნავს, რომ უტევ დემოკრატიას, როგორც ასეთს. თუ შენ გინდა ევროკავშირის წევრობა და ამავე დროს უარყოფ ან ლანძღავ ევროპარლამენტს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, მაშინ როგორ უნდა ჩაატარო მომავალში არჩევნები ევროპარლამენტში ქართული მხრიდან, თუ ამ ინსტიტუტს არ აღიარებ? ეს ხომ აბსურდია.
მე არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, რომელიც ასე იქცეოდეს, როგორც დღეს ქართული ოცნება იქცევა. მათი განცხადებები ძალიან ჰგავს სოლოვიოვისა და კრემლის სხვა პროპაგანდისტების კომენტარებს და ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ მათ საერთოდ არ სურთ, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ისინი აგრძელებენ ამ საშინელი პოლარიზაციის გაღრმავებას და თავდასხმებს არა მხოლოდ ოპოზიციაზე ქვეყნის შიგნით, არამედ დასავლეთის ქვეყნებზე და უკრაინელებზეც კი, რომლებიც დღეს იბრძვიან მათ შორის საქართველოსთვის. უკრაინელები რომ ასე არ იბრძოდნენ, საერთოდ არ იქნებოდა დღეს საუბარი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინელებს თავს ესხმის, ისინი არ შეუერთდნენ სანქციებს და ახლა ფრენებიც აღადგინეს რუსეთთან, რითაც ამ ქვეყანას ეხმარებიან, რომ გადარჩეს. ეს ნიშნავს, რომ ბატონი კობახიძე ინსტრუქციებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ახლა ოლიგარქია და ამას განგებ აკეთებს. ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ. ამ სიტუაციაში ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯი არის ის, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა." ამბობს რასა იუკნევიჩიენე "მთავარ არხთან" საუბრისას.