ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიხეილ სააკაშვილის ბოლო ფოტოებს, რომელიც 3 ივლისის სასამართლოდან გავრცელდა შოკისმომგვრელს უწოდებს და ამბობს რომ მას ასე არ უნდა ექცეოდნენ. ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო შეგნებულ ქმედებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებაა:
"ის ფოტოები, რომლებიც გავრცელდა, შოკისმომგვრელია. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია. ის ადამიანია და მას ისე უნდა ექცეოდნენ, როგორც ადამიანს. სწორედ ამას ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი, მით უმეტეს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოსთვის კარგი იქნებოდა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა მისი უკრაინაში გაშვებით. ვერ ვხვდები, რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ეს პრობლემა და ისევ იმ აზრამდე მივდივარ, რომ შეგნებულად აკეთებენ ამას, რათა მსოფლიოს ეს საშინელი გზავნილი მიაწოდონ და ევროკავშირმა აღარ იფიქროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
---
ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს, აქვს მხოლოდ ამბიციები და სურთ პოლიტიკური პოლარიზაცია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სააკაშვილი ციხეში იჯდეს. ალბათ თვლიან, რომ ამით საკუთარი ამომრჩევლის მოტივირებას უფრო კარგად შეძლებენ და მთელ ქვეყანას ორი ადამიანის მძევლად აქცევენ - ივანიშვილის და სააკაშვილის. ეს ბრძოლა უნდა დამთავრდეს და ახალი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს მომავლისთვის. ვფიქრობ, მოქალაქეებმა უნდა აიღონ ინიციატივა, ასევე არასამთავრობოებმა. თქვენს ქვეყანაში გონიერი ხალხი ცხოვრობს, არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში, არამედ ისედაც. მე ბევრ მათგანს ვიცნობ. მაგრამ არავის სურს პასუხისმგებლობის აღება, რათა ეს ყველაფერი შეწყდეს, ბიძინა ივანიშვილისთვის კი ეს სიტუაცია სავსებით მისაღებია. თქვენ უნდა იმოქმედოთ ჩვენ, უცხოელები, თქვენი მეგობრები ვერ ვიქნებით ქართველებზე უფრო მეტად ქართველები." ამბობს "მთავარ არხთან" ევროპარლამენტარი.