მავთულხლართებისა და ახალი გამყოფი ხაზის დაწესების მიზნით აღმართული ღობეების საერთო სიგრძე ქართლში - 53 კმ, აფხაზეთში 48 კმ-ია. ღია ძალადობის აქტი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე მაკკეინის ინსტიტუტმა გრაფიკულად  2019 წლის ოქტომბრამდე აღწერა, მაგრამ რუკაზე წითელი ფერით მონიშნულს ახალი მეტასტაზები მას შემდეგაც და დღემდე ემატება.

ახალი ბანერები ტახტისკართან მართლაც ერთი ხელის გაწვდენაზეა. სოფლის თავზე სიმაღლე რუსებმა 2011- ში დაიკავეს. ცოტა ხნის წინ მათ მიტაცებული ტერიტორიების გაფართოება გააგრძელეს

ადმინისტრაციულ ხაზთან ახლომდებარე ნაკვეთების მეპატრონეებს რუსებმა გაზაფხულზე მიუთითეს, წლეულს დათესეთ და გაისად ვნახოთო.

იმ პირობებში, როდესაც ზუსტად არ იცი შენს ბაღში დამწიფებულ ვაშლებს ვინ დაკრეფს, სტაბილურობის განცდაზე და მომავლის გეგმების დაწყობაზე საუბარიც არ არის. გამყოფ ხაზთან ახლომდებარე სოფლებში კი ისეთი შემთხვევებიც არ არის იშვიათი, როცა მოსავალს აღარავინ ჩივის.

იმ სოფლებში, რომლებსაც საოკუპაციო ხაზი სულ უფრო უახლოვდება, პოლიცია მუდმივად პატრულირებს, მაგრამ ერთადერთი, რასაც სამართალდამცავების იქ ყოფნა ემსახურება, „იქნებ მოერიდოთ და აღარ გადმოვიდნენ“ პოლიტიკაა, არაფერი სხვა.

სატელიტიდან გადაღებული სურათებით ისტორიის შენახვა ბიოფიზიკოსმა დავით ბერიტაშვილმა გადაწყვიტა. მისი შთაგონება ფუკუსიმას მიწისძვრის შედეგების ამსახველი ანალოგიური ფოტოპროექტი იყო.

დანგრეული სახლების, განადგურებული  ბაღების ადგილზე მთელ რიგ დასახლებებში ახლა რუსული სამხედრო ბაზები დგას. ყველაზე თვალსაჩინო, განსხვავება ომამდელ და ომის შემდეგ სურათებში თამარაშენია, რუსულ ვიკიპედიაში განმარტებული, როგორც ყოფილი სოფელი და ახლა უკვე სახელწოდებით "микрорайон Московский", ნაცვლად „თამარაშენისა“, რომელიც ცხინვალთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა.

პატარა ფილმიც და დავით ბერიტაშვილის მრავალწლიანი ნაშრომიც, პირდაპირ გამზადებული მტკიცებულებები ჰააგის სასამართლოსთვის ვებ-გვერდის სახით "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა.

ეკა გიგაური 2008 წლის აგვისტოში სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, თავისი უწყებიდან თბილისში დარჩენილი ერთადერთი ადამიანი. დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნისთანავე ფოთში გაემგზავრა. ევროპული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე საკომანდო ცენტრი სულ ახალი აშენებული იყო.

ეკა გიგაური მღელვარების გარეშე ვერ იხსენებს, რა განიცდიდა ახალგაზრდა კაპიტანი გიგაური მაშინ, როცა  საკუთარი თვალით უყურებდა რუსების მიერ საკვებისა და ფეხსაცმლის ჩათვლით გაძარცვულ ფოთის ბაზებს, აფეთქებულ და ჩაძირული გემებს, გადამწვარი საკომანდო ცენტრს.

იმ დღეების დავიწყების საშუალებას რუსეთი 12 წელია არ გვაძლევს. ისტორიაში ოთხდღიანი ომის სახელით შესული სამხედრო აგრესია ამ დრომდე გრძელდება, დღითიდღე, ნაკვეთ-ნაკვეთ საქართველო თავის ფაქტობრივ საზღვრებს უსიტყვოდ, უმოქმედოდ თმობს. 12 წელია, ათობით სოფელში ადამიანებმა არ იციან, დაბრუნდება თუ არა საღამოს დილით საბალახოდ წასული ძროხა, ან ვინ დაკრეფს მათ ბაღებში დამწიფებულ ხილს შემოდგომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი