ენმ-მ ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

კასპსა და საგარეჯოში მომხდარი ძალადობისა და მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის სრულყოფილად გამოძიების მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

პარტიაში ამბობენ, რომ თუ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არ დაისჯებიან, ხელისუფლება ქვეყანას უმართავი პროცესებისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანს. 

"მოგესალმებით, მე ვდგავარ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იმ დაზარალებულებთან ერთად, რომელზედაც იძალადეს "ქართული ოცნების" ზონდერებმა. საქართველოს გენერალური პროკურორი მათ მფარველობს, რადგან არცერთ მათგანს არ უყენებს ბრალს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით 7-8 მარტს როგორ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე და შოთაძემ არცერთ მათგანს არ წაუყენა ბრალი. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ თუ როგორ იძალადეს ქართული ოცნების ზონდერებმა სტუდენტებზე, მაგრამ არც მათ წაუყენეს ბრალი. ჩვენ ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ თუ როგორ იძალადეს სამოქალაქო აქტივისტებზე ზონდერებმა, მაგრამ მათაც არ წაუყენეს ბრალი. აქედან გამომდინარე, მათ მფარველობს საქართველოში პირველი ბრალმდებელი ირაკლი შოთაძე. ჩვენ კარგად ვნახეთ როგორ იძალადეს ორგანიზებულმა ჯგუფმა ჟურნალისტებზე, მაგრამ აქაც არ წაუყენეს ბრალი და ირაკლი შოთაძე, მთავარი ბრალმდებელი მფარველობს მათ. ჩვენ ასევე ვნახეთ კასპში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე და მოქალაქეებზე როგორ ძალადობდნენ „ქართული ოცნების“ ზონდერები, მაგრამ მანდაც არავის არ წაუყენეს ბრალი, რადგან ირაკლი შოთაძე მათ მფარველობს და არავინ არ უყენებს მათ ბრალს, მაგრამ გუშინ, კახეთში „ქართული ოცნების“ ზონდერებმა იძალადეს პენსიონერებზე, ჩვენ ბებია ბაბუებზე, მათ დაუშინეს ქვები, მაგრამ ირაკლი შოთაძე, რომელიც მოკალათებულია თავის სკამში, ერთხელაც კი არ გამოსულა და ერთხელაც კი არ დაუგმია თავისი აღნიშნული საქციელი და არ უთქვამს, რომ ჩვენ ყველა მოძალადეს დავაკავებთ და ბრალს წავუყენებთ, რადგან პირველ რიგში ინსტიტუციურად შოთაძეს ეკუთვნის აღნიშნული ბრალდება და მე მოვუწოდებ მას, ის არის საქართველოს პირველი პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურორი და ნუ გადაიქცა საქართველოს მთავარ კრიმინალად", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს, ენმ საგარეჯოში ადგილობრივებთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც იქ "ქართული ოცნების" პარტაქტივი და საჯარო მოხელეები მივიდნენ. ისინი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ოპოზიციონერების მიმართ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი