
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე გამოკითხეს.
გამოკითხვის შემდეგ მშვილდაძემ განაცხადა, რომ მათ სავაჭრო ცენტრ კარფურიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები აჩვენეს, რომელიც ამყარებს ვერსიას ორგანიზებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 45 ობიექტიდან გეგმავს კამერების ჩანაწერების ამოღებას, მშვილდაძის თქმითვე, სამსახურისთვის გადაცემულ მასალებში მხოლოდ კარფურის ჩანაწერებია.
"კარფურის ჩანაწერებში ჩანს, რომ თავდამსხმელი, ვინც უშუალოდ ფიზიკურად ძალადობს, არის ერთი, გუგეშაშვილი, მაგრამ ის ოთხი რომ ერთად გვეგონა, ეს ეჭვი დადასტურდა იმიტომ, რომ დანარჩენი სამი სხვადასხვა ფორმით არის ჩართული. ის, რომ თითოეულს ამ ოთხიდან რაღაც ფუნქცია აქვს თავდასხმის მომენტში, ეს ამ კადრებში დასტურდება", - აღნიშნა მშვილდაძემ. [ფორმულა]
მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმის საქმეზე "ფორმულას" ჟურნალისტებმა ვიდეომასალები მოიპოვეს, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტზე ანგარიშსწორების ადგილზე სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ ადგილზევე ხელმძღვანელობენ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.