"პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა... ადამიანების უსაფრთხოება იქნა დაცული" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრაიდ ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ პოლიციამ ამოცანებს თავი კარგად გაართვა. მისი თქმით, პოლიციამ "სათანადოდ" უზრუნველყო როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

"ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანა, უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება და რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა, არ დაზიანებულა მათ შორის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად იმ ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც, მათ შორის პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ რა ინფორმაციაც აქამდე მაქვს, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება.

ზოგადად, პრობლემაა, როცა ხდება აგრესიის გამოვლენა და ღონისძიებისთვის ხელისშეშლა, მაგრამ პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ზღვარი აქვს. ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამას თავისი ლიმიტები აქვს. მათ შორის ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ.

საპოლიციო ღონისძიების საკითხია, რა მომენტში, რა სახის ესა თუ ის საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. იცით, რომ პოლიცია ემზადებოდა, მათ შორის განცხადებაც გამოქვეყნდა, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, მათ შორის ინფორმაცია, რომ იქნებოდა ღონისძიების ჩაშლის მცდელობა. ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა, რათა ჩაეშალათ ეს ღონისძიება. მთავარი მაინც ის არის, რომ დაცული იქნა ადამიანების უსაფრთხოება და შესაბამისად, პოლიციაც საბოლოო ჯამში ამას გაანალიზებს.

შსს-ს მხრიდან იმიტომ იყო ორგანიზატორებთან ერთად მზადება ღონისძიებისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ მომხდარიყო ამის უზრუნველყოფა. თავისთავად, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს," - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში იყო დაგეგმილი. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს, ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი