"გამოიძიონ და გაასამართლონ ძალადობის ყველა ორგანიზატორი" - დიპლომატიური კორპუსის გამოხმაურება

გამოქვეყნდა:

პრაიდის ფესტივალის ჩაშლასა და რადიკალების დაუსჯელ ძალადობას ეხმაურებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დიდი ბრიტანეთის ელჩი ტვიტერზე ქართულ ენაზე წერს:

"შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. 

მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას." წერს მარკ კლეიტონი.

მომხდარ ძალადობას ეხმაურება ნიდერლანდების ელჩი საქართველოში:

"სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ თბილისის პრაიდფესტი დღეს ვერ გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიებისა, რაც წინასწარ იყო დაპირებული. სრულად უნდა გამოიძიონ და გაასამართლონ დღეს და წარსულში ძალადობის ყველა ორგანიზატორი" წერს მააიკე ვან კოლდამი.

შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი