აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში გაემგზავრა და 3 ქვეყანას - დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს - ეწვევა.
ბაიდენი ჯერ ლონდონში ჩავა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკსა და ჩარლზ III-ს შეხვდება. შემდეგ NATO-ს ვილნიუსის სამიტს დაესწრება. ბოლოს კი, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაემგზავრება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ვიზიტი "მსოფლიო არენაზე პრეზიდენტის ლიდერობას წარმოაჩენს."
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მთავარი თემები, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის დამტკიცება იქნება.