საფრანგეთის მთავრობამ ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, პიროტექნიკის გამოყენება აკრძალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
''14 ივლისის დღესასწაულების დროს საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პიროტექნიკური ნივთებისა და ფეიერვერკების გაყიდვა, შენახვა, ტრანსპორტირება და გამოყენება 15 ივლისის ჩათვლით აიკრძალა,'' - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
თუმცა, ეს აკრძალვა არ შეეხება პროფესიონალებსა და მუნიციპალიტეტებს, მათ, ვისაც ამ დღესასწაულზე ტრადიციული ფეიერვერკის ორგანიზება ავალია.
მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, პარიზში პოლიციელების მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობას აპროტესტებდნენ, რასაც არეულობა მოჰყვა. ათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებში გამოვიდა, დემონსტრანტების ნაწილმა მანქანებიც დაწვა. არეულობის დროს ფეიერვერკებიც გამოიყენეს.