რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი დღეს, 10 ივლისს, მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. პირველი რეისი 23:00 საათზე ჩამოფრინდება და მას აქტივისტები საპროტესტო აქციით დახვდებიან.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსულ ინტერესებს ემსახურება.
"ეს არის ჩვენი პროტესტი - არა რუსულ ხელისუფლებას, არა რუსულ ძალას და არა რუსულ თვითმფრინავებს. ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას ფიზიკურს, მაგრამ გვინდა დავანახოთ ხალხს და ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ მივესალმებით მათ გადაწყვეტილებას, გაეხსნათ ქართული ცა რუსული თვითმფრინავებისთვის", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
Red Wings-მა საქართველოში ფრენების უფლება პირველ ივნისს მიიღო. რუსულ ავიაკომპანიას პირდაპირი ფრენები 15 ივნისიდან უნდა დაეწყო, თუმცა რეისები რამდენჯერმე გადაიდო. ავიაკომპანია რეისებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობის გამო ვერ იწყებდა.
ავიაკომპანია უკრაინას სანქცირებული ჰყავს. ამასთან, 2022 წელს, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო სანქციები დაუწესა.