თავდასხმა და ჩაშლილი პრაიდის ფესტივალი - რას წერს საერთაშორისო მედია

გამოქვეყნდა:

თბილისში, 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებსა და მოძალადე ჯგუფების მხრიდან პრაიდის ფესტივალის ჩაშლას საერთაშორისო მედიაში ეხმაურებიან.

უცხოური მედიები წერენ, რომ ხელისუფლებას თავდასხმის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.

"საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც ულტრამემარჯვენეთა ათასობით მხარდამჭერი ტერიტორიაზე შეიჭრა და ცისარტყელას დროშები დაწვა. ხელისუფლებას თავდასხმის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ", - წერს Deutsche Welle.

2000-მდე ანტი ლგბტქ+ მომიტინგემ საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ფესტივალი დაარბია, პოლიციას დაუპირისპირდა და ფესტივალის რეკვიზიტები გაანადგურა, მათ შორის ცისარტყელას დროშები და პლაკატები. ორგანიზატორები ხელისუფლებას დემონსტრანტებთან აქტიურ შეთანხმებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილ", - წერს The Guradian.

"საქართველოს დედაქალაქ თბილისში საჭირო გახდა პრაიდის ფესტივალის მონაწილეთა ევაკუაცია და ღონისძიების გაუქმება მას შემდეგ, რაც ასობით ულტრამემარჯვენე რუსეთთან დაკავშირებული მომიტინგე ძალადობრივად თავს დაესხა ადგილს. პოლიცია მომიტინგეების ძარცვასა და ნივთების დაწვას უმოქმედოდ ადევნებდა თვალს", - წერს Democ.

შეგახსენებთ, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალი ჯგუფები ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაც, რაც ქურდობას გულისხმობს.

ფოტო: Civil.ge

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი