
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, ამტკიცებს, რომ საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ზარქუას თქმით, ახლა "NATO-ს მართებს ვაჟკაცობა, რომ საქართველო ალიანსში მიიღოს".
"NATO-ს წევრობა ბოლო წლების განმავლობაში ისეთია... მე არ მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება რაღაც არასწორი დაპირებებით ვკვებო. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ NATO-ს სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება.
NATO-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, რომ დიახ, საქართველომ რომელმაც გამოიარა უამრავი ომი, თვითონ გამონახავენ ძალას, რომ საქართველო მიიღონ. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს, იცით თქვენ ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ", - თქვა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი განიხილება. სამიტის წინა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ის წერდა, რომ საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ახლა "არ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო NATO-ში. პაპუაშვილის თქმითვე, შეუძლებელია NATO-ს მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.