მანიშნებელს ვერ ნახავთ, რომ ამის გამო მოხდა ტრაგედია - ვაკის პარკის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დაცვის მხარემაც გაასაჩივროს

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულების ოჯახის წევრებისა და მათი მეგობრების მხრიდან, ხმაური მოჰყვა.

​მოსამართლემ სასამართლო დარბაზი დაატოვებინა ელექტოშემდუღებელ ვალერი გობეჯიშვილს, რომლის მიმართაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. გობეჯიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ თქვა, რომ საერთოდ არ ელოდა, თუ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებოდა.

"გრინსერვისი+-ის" დამფუძნებელი კობა ხარშილაძე კი ამბობს, რომ რეალური პირები, რომლებმაც შესაძლოა შადრევნის მშენებლობის პროცესში შეცდომები დაუშვეს, გამოკითხულებიც არ არიან. საუბარია ინჟინერზე, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

"ჩვენ დავუკვეთეთ ამ სეგმენტის, რომელიც ფანტანებს აწარმოებდა, ერთ-ერთი ცნობილ კომპანიას, მისი დამონტაჟება. ჩამოვიდნენ იქიდან. მთლიანად დამონტაჟებას ვგულისხმობ თავისი, ესე ვთქვათ, შესრულებით. ჩამოვიდნენ, შეასრულეს ეს სამუშაო და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გამოუსწორებელი შედეგი. რეალურად, სად მოხდა შეცდომა, რამ გამოიწვია ეს გამოუსწორებელი ტრაგედია. ხომ გაინტერესებთ? ისევე მაინტერესებს მეც. ვერცერთ მანიშნებელს ვერ ნახავთ თქვენ, რომ, აი, ამის გამო მოხდა ეს ტრაგედია," - აცხადებს ხარშილაძე.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი 
ვახტანგაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ. ვახტანგაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"პირველ რიგში, დაველოდებით, რა თქმა უნდა, დასაბუთებულ განაჩენს. ნამდვილად არც ბრალდების დადგენილებით და არც სასამართლოში გამოკვლეული რაიმე მტკიცებულებით არ დადასტურებულა ის, რომ ვახტანგაშვილს ევალებოდა რაღაც დასკვნების ხელახალი გამოთხოვა და ჩატარება. ამიტომ, ჩვენი საჩივარი მჯერა, რომ იქნება დასაბუთებული და აუცილებლად მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს," - თქვა ადვოკატმა კახა წერეთელმა. 
 

ამავე თემაზე ნახეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი