ექიმები ვახტანგ ყოფიანის მხარდასაჭერად ერთიანდებიან - მედიკოსები სხვადასხვა კლინიკებთან იკრიბებიან და კოლეგის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი თქმით, თუ ყიფიანი თავისუფალი იქნება და საექიმო საქმიანობას განახორციელებს, ამით საფრთხე არავის ემუქრება. ექიმის კოლეგები არ იზიარებენ ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ არსებობს ყიფიანის მიმალვის საფრთხე.
არ შეიძლება ექიმის წინასწარი დაკავების მისჯა სამედიცინო შეცდომის გამო, თუ ეს შეცდომა მას ჩადენილი აქვს. პროკურატურის განცხადების მიხედვით, მათი მთავარი საფუძველი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის კომისიიის დადგენილების მიხედვით, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა ორთოპედ-ტრავმატოლოგის ლიცენზია, - ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
მისი მტკიცებით, აღნიშნული მანიპულაციის განსახორციელებლად ასეთი ლიცენზიის საჭიროებას არც ერთი უცხოური, ავტორიტეტული სამედიცინო ასოციაცია არ აღიარებს.
ექიმებმა დახმარებისთვის ჯანდაცვის მინისტრსაც მიმართეს. მათი თქმით, მინისტრამა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს მათ ყიფიანის გათავისუფლების მიღწევაში. თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აქცია გამოსავალი არ არის და ამ პროცესში უმჯობესია სახელმწიფოსა და ექიმებს შორის დიალოგის გზას მიმართონ.
ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი შეცდომა არის ის, როდესაც პირველივე შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის ფორმას. პროტესტი არასდროს არის გამოსავალი, გამოსავალი არის დიალოგი და მაშინ როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა, პროტესტი არის დამანგრეველი, - განაცახადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ეს პროტესტიც გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნებს შეიცავს.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძისა და ექიმ ვახტანგ ყიფიანის სასამართლო პროცესი 5 აგვისტოს გაიმართა. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ ვახტანგ ყიფიანი პატიმრობაში დატოვა, ხოლო გიორგი ლობჟანიძე 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გამოძიების ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 25 წლის ქალს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული მედიკოსების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია. საქმეზე ბრალი მესამე პირსაც აქვს წარდგენილი, თუმცა დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.
ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
ნათია ცირეკიძის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის მტკიცებით, კი ექიმებს შესაბამისი ოპერაციის ჩატარების ლიცენზია და სერთიფიკატები არ გააჩნიათ.
ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდებულთა კოლეგები პროკურატურის ბრალდებებს არ იძიარებენ და ამბობენ, რომ ოპერაცია ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გამოქვეყნებულ განცხადებაში ექიმებისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდენს.