პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია - თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს განცხადება

გამოქვეყნდა:

სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო მთავარი ექიმისა და მედიკოსების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, სრულიად მცდარია.

საავადმყოფოს მესვეურთა თქმით, მათი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მოცემულ შემთხვევაშიც იტალიელი ექიმების ჩართულობა დასტურდება. 

განცხადების მიხედვით, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის მტკიცება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა.

ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებაში წერია, რომ პროკურატურის ვერსია, რომ ვახტანგ ყიფიანმა "დაიხმარა" მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა, არასწორი მტკიცებაა, რადგან ხოჭოლავა არის ექიმი ანესთეზიოლოგი, რომელსაც იტალიაში, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია აქვს და პროცედურა, რომელშიც ხოჭოლავა მონაწილეობდა, არის არა დახმარება ორ ექიმს შორის, არამედ დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაგდა ხოჭოლავა ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, აქედან გამომდინარე გამოძიების ინფორმაცია, რომ იგი თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას და ქვეყანაც სპეციალურად ამ მიზნით დატოვა, მცდარია. 

კლინიკის წარმომადგენლებს აბსურდულად მიაჩნიათ პროკურატურის განცხადება, რომ დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მათი მტკიცებით, პაციენტს სრული სამედიცინო პროცედურების დაცვით ჩაუტარდა და დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა სრული კომუნიკაცია პაციენტის კანონიერ წარმომადგენელთან.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიუღებლად მიაჩნიათ ამ მოცემულობაში ექიმების დაკავება და რიგი უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება, ისინი, ასევე იმედს იქონიებენ, რომ გუნდის წევრები ძალიან მალე შეძლებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძისა და ექიმ ვახტანგ ყიფიანის სასამართლო პროცესი დღეს, 5 აგვისტოს გაიმართება. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 25 წლის ქალს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული მედიკოსების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია. საქმეზე ბრალი მესამე პირსაც აქვს წარდგენილი, თუმცა დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.

ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. 

ნათია ცირეკიძის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის მტკიცებით, კი ექიმებს შესაბამისი ოპერაციის ჩატარების ლიცენზია და სერთიფიკატები არ გააჩნიათ.

ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი