
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე პარტნიორმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს NATO-სგან.
მისივე თქმით, სამიტზე საქართველომ პარტნიორებისგან ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო.
"იყო ძალიან საინტერესო დისკუსია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ პარტნიორებისგან. როგორც ცნობილია და იცის ჩვენმა მოსახლეობამ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, დღეს ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს NATO-ელი პარტნიორებისგან. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მექანიზმები, იმისთვის, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია იყოს პროცესი, რომელსაც მოაქვს თავისი ღირებული შედეგები მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო. მას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
ვილნიუსის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. წევრობისთვის კი რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს. კომუნიკეში წერია, რომ "ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
საქართველო ვილნიუსში ფაქტობრივად მხოლოდ ამ ჩანაწერის დონეზე იყო აქტუალური.
მაშინ როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ყალიბდება, ჩვენი ქვეყანა ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციითაა წარმოდგენილი.