სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიაში ეპიდემიოლოგების ხუთი ჯგუფი მუშაობს. მისი თქმით, შემდგომ ზომებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შედეგებიდან გამომდინარე მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს მესტიაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სტუმრად ჩამოსული ადამიანისგან იყო ეს ინფიცირება, როგორც კი ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ეპიდემიოლოგებმა კვლევა დაიწყეს. 32 ნიმუში აიღეს და აქედან 17-ია დადასტურებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ადამიანების კლინიკებში გადმოყვანა. 5 ბრიგადა იქნება. დღეს ამის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, - თქვა ნინო ვიბლიანმა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს, 10 აგვისტოს საბჭოში მესტიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
გადაუდებელი დახმარების და ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება 5 ჯგუფი, რომელიც დეტალურ კვლევებს აწარმოებს. მე მაქვს კონკრეტული შეხვედრა ჩვენს საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ ერთის კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.