
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრებს შეხვდა, მათ შორის, პირველად გაიმართა შეხვედრა საქართველოს და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან. მათ შორის პირველად გაიმართა შეხვედრა საქართველოს და სკანდინავიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში, რომლის ინიციატორიც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანს, ასევე ფინეთის, ესტონეთის, საბერძნეთის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსი და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და პარტნიორების მხარდაჭერა იყო. შეხვედრებზე ასევე აღინიშნა ვილნიუსის სამიტის შედეგები და ის მხარდაჭერა რაც ალიანსის მხრიდან გამოიხატა საქართველოს მიმართ. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში გამოხატული მხარდაჭერა, რაც აისახა სამიტის დეკლარაციაში, დამატებით იმპულსს მისცემს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს." ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო. მას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
ვილნიუსის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე. წევრობისთვის კი რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს. კომუნიკეში წერია, რომ "ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
საქართველო ვილნიუსში ფაქტობრივად მხოლოდ ამ ჩანაწერის დონეზე იყო აქტუალური.
მაშინ როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ყალიბდება, ჩვენი ქვეყანა ლიეტუვაში საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციითაა წარმოდგენილი.