პოლონელი ექიმების დაშვება მესამე პრეზიდენტთან თბილისსა და ბრიუსელს შორის, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა - ჩალაძე

გამოქვეყნდა:

ვივა მედში მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის ექიმები უკვე 2 საათზე მეტია იმყოფებიან და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან. 5 სხვადასხვა პროფილის მედიკოსი დადებს დასკვნას, როგორია ამჟამად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. 

ვივა მედში მივიდნენ გიული ალასანია და გიორგი ჩალაძეც. როგორც ჩალაძე ამბობს, პოლონელი ექიმების დაშვება მესამე პრეზიდენტთან თბილისსა და ბრიუსელს შორის, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა და მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო. ექიმები თბილისში დარჩებიან იქამდე, ვიდრე არ ექნებათ სრული სურათი სააკაშვილის მდგომარეობაზე.

"დღეს ადრეული დილიდან მოყოლებული, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების და დისკუსიების შემდეგ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან შევლენ. ეს საუბარი არ იყო მარტივი, ეს საუბარი არ იყო დაბალ დონეზე, ეს საუბარი იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბრიუსელსა და თბილისს შორის, ამაში ჩართული იყო საქართველოდან ძალიან აქტიურად და პირადად ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო" ამბობს ჩალაძე.

"ვიცი, რომ ძალიან გართულდა მათთვის ნებართვების მიცემა. რატომ გართულდა, საელჩოც ვერაფერს ამბობდა, ბრიუსელი იყო ჩართული ამ საქმეში აქტიურად რამდენადაც ვიცი მაგრამ დეტალები, ის რაც ვიცი კერძო საუბრებიდან, თქმის უფლება არ მაქვს" თქვა გიული ალასანიამ.

სავარაუდოდ დასკვნა, რომელსაც პოლონელი მედიკოსები დადებენ საჯარო არ იქნება და მას მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები გაეცნობიან.

პოლონელი ექიმები 4 თვე ელოდებოდნენ ნებართვას იუსტიციის სამინისტროსგან. ბრეგაძის უწყება მათ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი