ნიკა გვარამიას ევროპარლამენტარებთან შეხვედრით შეშინებული "ოცნება" და მისი ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერი კახა კალაძე ისევ ევროდეპუტატებს ესხმის თავს და მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის ინტერესში ადანაშაულებს, მათ შორის "არადემოკრატიული გზითაც".
კალაძის აზრით, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციას გააღრმავებს და ეს უკვე დადასტურდა:
"როდესაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ეს ნაბიჯი შევაფასე როგორც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მოწოდებები არის დეპოლარიზაციისკენ, ეს პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას და ვნახეთ თუნდაც ის ვიზიტი, როდესაც ბატონი გვარამია მიწვეული იყო და ვინ იყო მასპინძლები. ეს ადამიანები კარგად გვახსოვს თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში, კარგად გვახსოვს რა განცხადებებს აკეთებდნენ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით რომ სტატუსის საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ და ამას პირდაპირ საუბრობდნენ.
ყველაფერი ცხადი და ნათელია ჩვენთვის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვს აბსოლუტურად სხვა მიზანი, ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის ხელისუფლების ცვლილება და არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი გზით იქნება. მათთვის ასევე არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია, მთავარია მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა იმედები გავუცრუო და თავიდანვე ვუთხრა, რომ არაფერი არ გამოუვათ. მათი ქმედებები და რადიკალიზმი, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, განწირულია ყოველთვის მარცხისთვის" ამბობს მერი კალაძე.