ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი - იქნება თუ არა ის გიორგი ვაშაძე. "სტრატეგია აღმაშენებლისა" და ლევან ხაბეიშვილის გუნდის შესაძლო გაერთიანება პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა. ცნობილია, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია - მხარეები მსჯელობენ, როგორი იქნება ოპოზიციური კონფიგურაცია, რა სახის შეთანხმება შეგდება და რა ცვლილებები იგეგმება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
"სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერმინისტრობაზე საუბარი. ან კანდიდატად ან მსგავს რაღაცეებზე. ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ. ტყუილია და ეს ასე არ უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატობაზე მიდის კონსულტაციები. ტყუილია, არ არსებობს ეგეთი. რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციებს, ცხადია, ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ, გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს, ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე", - ამბობს ხაბეიშვილი.