
10 აგვისტოს, კორონავირუსის აფეთქების გამო, მთავრობის განკარგულებით საკარანტინე ზონებად გამოცხადდა მესტია, უშგული და ლენჯერი.
სვანეთში წუხან; ერთი - ლენჯერ-მესტიაში ვირუსის აფეთქების გამო და მეორე - შუადღიდან მოულოდნელად ჩაიკეტა მესტიაში შესასვლელ-გამოსასვლელი გზები. ის ვინც სვანეთს დატოვებს, სავალდებულო 2 კვირიან კარანტინში წასვლა მოუწევს. ამასთან, გზაზე საცობებია.

სვანეთის ვიზიტორი, გოგიტა გაბაიძე, რომელიც მესტიასთან ახლოს, სოფელ ცხუმარშია სტუმრად და დღეს მესტიაში, სულ რაღაც 3 საათით იყო ჩასული, ამბობს, რომ მათთან არ მისულა ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, გზა აქვს გადაკეტილი პოლიციას და არავის არსად არ უშვებენ.
პოლიცია აკეთებს იმას, რაც დაავალეს, გზაზე სრული განუკითხაობა სუფევს. ვისაც უნდათ, უშვებენ, ალბათ ნაცნობობით. საშვებს არავის სთხოვენ. ამბობენ, რომ საშვების სისტემა ჯერ არ არისო, - გვიყვება გოგიტა გაბაიძე.

მისივე თქმით, საცობში მყოფ მოქალაქეებს არ აქვთ არც წყალი და მათ ირგვლივ არ არის მაღაზია ან აფთიაქი, სადაც წყლის ან პირველადი საჭიროების ნივთებს შეიძენდნენ.
სახლში ვერ ბრუნდებიან ისინიც, ვინც მესტიაში წამლის საყიდლად ავიდა.
მესტიაში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი ლელა ჩართოლანი, ჩვენთან სატელეფონო ინტერივუს დროს ყვება, როგორ ჩარჩა ოჯახის 4 წევრი მის სასტუმროში, ხოლო მეორე ნაწილმა - 2 ადამიანმა, თბილისში წასვლა დღის 12 საათმდე მოასწრო - "თუ კეტავდნენ, ჩაეკეტათ გუშინ, როცა გამოვლინდა უკვე დაინფიცირება. ამასთან, არც ერთი სპეციალური ჯგუფი არ მოსულა მცირე სასტუმროებში და არ უთქვამს არაფერი, რა გავაკეთოთ. არ იყო, ნამდვილად არ იყო უსაფრთხოების წესები ჩვენთან დაცული".
ჩართოლანი აქვე შიშობს, რომ სვანეთს ეკონომიკურად გრძელვადიან პერიოდში გაუჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აგვისტოს თვე არის მათთვის მომგებიანი; ჩაკეტვა და ტურისტები, რომლებიც ფულის გადახდას ვერ შეძლებენ - ეს დამაზარალებელი იქნება:
"ისევ ჩვენ დავზარალდებით ადგილობრივები, რომ ამოეწურება დამსვენებელს თანხა, თავისთავად ხომ ვერ მოახრჩობ? ოთახების გაქირავებით რომ იზარალებ ეს ერთი, და სხვა რამითაც ხომ უნდა დაეხმარო, ადამიანი ხარ, ისე ხო ვერ იზამ რომ არ უწილადო რამე მაინც ?!მთელ რაიონში 2 კვირა ფქვილი არ იყო. ერთი რეისი ძლივს შემოვიდა და თითო ტომარა შეგხვდა - ახლა ჩარჩენილ სტუმართან ერთად 1 ტომარა ფქვილი რას გვეყოფა, 1 კვირა ალბათ, ხო ? ისედაც ჭირდა აქ ყველაფერი, ისედაც ორმაგი ფასებია, არჩევანის საშუალებაც არ გვქონია და ახლა კიდევ უფრო გაჭირდება, გრძელვადიან პერსპექტივაში გაუჭირდება სვანეთს.
ახლა ვითხოვთ, ჩარჩენილებისთვის მაინც იყოს მომარაგება აფთიაქებში - აფთიაქებს რომ ითვლიან, ერთადერთი აფთიაქი აქვს რეგიონს, მთელ რეგიონს. დაარიგონ მაინც - სითხე, პირბადეები..."

ადგილობრივებთან ერთად დაბნეული არიან დამსვენებლებიც. ერთ-ერთი მათგანი, თიკა ლეჟავა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოსახლეობა შეშინებულია:
„ვირუსი ლენჯერიდან არის გავრცელებული და გადაკეტილია სრულიად მესტია , არც მესტიაში უშვებენ არც თბილისისკენ. ჯერჯერობით არავინ არ დამკავშირებია , საკარანტინო სიტუაციასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ გაურკვევლობაა და არ იცის ხალხმა რა ქნას. სახლში ვარ - არსად გავდივარ , როგორ უნდა მოვიქცეთ ჯერ კიდე არ ვიცით. შეშინებულია ხალხი , აქამდე რო პირბადე არავის არ ეკეთა ეხლა ქუჩაში და მანქანაშიც პირბადეებით დადიან, ბანკებთან მობილიზებულია ყველაფერი , სადენზინფექციოებით, ხელთათამენბით , რიგები იდგა ბანკებთან წეღან რომ გამოვედი.“

მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი „მთავართან’ საუბარში ამბობს, რომ დამატებით ბრიგადებს უკვე ელოდებიან ტესტების ჩასატარებლად, იქამდე კი ის 5ჯგუფი, რომელიც ადგილზეა, სოფელ ლენჯერში და მიმდებარედ - ველზეა გასული და ინფიცირებულთა უახლოვეს კონტაქტებს მთელი დღის განმავლოაბში უტარებენ ტესტებს.
გამგებლისვე თქმით, ინფიცირების პირველწყარო თბილისიდან ჩამოსული პირია, რომელსაც სამშენებლო ბიზნესი აქვს.
გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ინფიცირების პირველწყარო, ივლისის ბოლოს - ანუ კვირიკობის პერიოდში, სიცხიანი ჩავიდა მესტიაში სტუმრებთან ერთად და ოჯახის სხვა წევრებს გადასდო სავარუდოდ ვირუსი, მესტიის გამგებელი უარყოფს და ამბობს, რომ ეს კვირიკობას არ მომხდარა.
შეგახსენებთ, მესტია, რომელიც ქვეყნაში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია, ლენჯერიდან დაახლოებით 1.5 კილომეტრითაა დაშორებული.
შეიზღუდა გადაადგილება დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, გამოსვლის შემთხვევაში კი ყველა ვალდებული იქნება კარანტინი გაიაროს.
შეგახსენებთ, დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია.
ფოტოები: მესტია/ლენჯერი - ნიკოლოზ ალექსიძე
საცობი მესტიის გზაზე - გოგიტა გაბაიძე