
ოკუპანტი უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებს. უკვე წლებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ხალხს შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. საფრთხე ყოველდღიურია. საკუთარი მიწის დასამუშავებლად, ან საქონლის სამწყემსად გასულები შესაძლოა სახლში ვერ დაბრუნდნენ. მათ ბედს ოკუპანტი მისი სურვილისამებრ წყვეტს. უკანონოდ აკავებს ცრუ ბრალდებით და ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავს. უკანონო ბორდერიზაციას ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლება წინა ხელისუფლებას აბრალებს. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით კი ,,ოცნება'' თავისი განცხადებებით რუსეთის უკანონო ბორდერიზაციას ამართლეს. ოპოზიციაში სიცრუეს უწოდებენ ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მიხედვითაც წინა ხელისუფლებამ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და დადგენილებით საზღვრები რუსეთს თავად შემოუსაზღვრა და ახლა როცა ბორდერიზაციას ახორციელებს, ამ წითელ ხაზებს მიჰყვება. ოპონენტები ამბობენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრები დადგენილი არ იყო, რისი გადამოწმებაც პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით მარტივად შეიძლება.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი