
უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ცნობით, ჰააგაში რუსული აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრმა მუშაობა უკვე დაიწყო - "ამ ცენტრის მთავარი მიზანია აგრესიის დანაშაულის მტკიცებულებების შეგროვება და არა მხოლოდ პუტინზე, საუბარია რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაზე", - განაცხადა გენპროკურორმა უკრაინული მედიის ეთერში საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ ცენტრმა უნდა მოამზადოს და შეაგროვოს მტკიცებულებები რუსეთის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, ასევე შეადგინოს გამოძიების სტრატეგია.
„ის, რაც მე მსურს ვნახო, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, არის ერთგვარი „მოდელი“ საბრალდებო დასკვნისა პუტინისა და მისი გარემოცვის ბრალდებასთან, ან ეჭვთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენაში“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ამჟამად არსებობს 35-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთი ტრიბუნალის შექმნას. ამასთან, იმისთვის, რომ ტრიბუნალი შეიქმნას, საჭიროა საერთაშორისო შეთანხმება, როგორც ეს მოხდა ნიურნბერგში.
მან ასევე აღნიშნა, რომ გენოციდის შესახებ მტკიცებულებების შეგროვების სამუშაოები ხანგრძლივი იქნება, მაგრამ უკრაინას აქვს არსებითი მხარდაჭერა ექსპერტებისგან.
მისი თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 300-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც ჩაიდინეს ესა თუ ის სამხედრო დანაშაული; 200-ზე მეტი ბრალდებულია და უკრაინის სასამართლომ 50-ზე მეტი რუსი დამნაშავედაც ცნო.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინზე და რუსეთის ბავშვთა დამცველზე, მარია ლვოვა-ბელოვაზე, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, დაკავების ორდერი აქვს გაცემული.