უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი უკრაინის მთავრობის მიწვევით 23 აგვისტოს კიევს ესტუმრება. ის ყირიმის პლატფორმის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ნოვაკი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ნოვაკი ზელენსკის ბოლოს 2022 წლის 26 ნოემბერს შეხვდა, როდესაც პოლონეთის პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და ბელგიის პრემიერ მინისტრ ალექსანდრ დე კროოს თანხლებით კიევში ჩავიდა. ეს იყო უნგრეთის სახელმწიფოს უმაღლესი დონის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში ომის დაწყების შემდეგ.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა 2021 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ანექსირებული ყირიმის დეოკუპაციაა.
როგორც ცნობილია, კატალინ ნოვაკი თვლის, რომ მსოფლიომ ხელი უნდა შეუშალოს რუსეთს უკრაინაში სამხედრო მიზნების განხორციელებაში. ამავდროულად, ის წინააღმდეგია, რომ ბუდაპეშტი კიევს იარაღით დაეხმაროს და სანქციებს არაეფექტურად თვლის.
მარტში უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის გამარჯვებას და ამავე დროს ეფუძნება "რეალისტურ მიზნებს".