მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს "ვივა მედში" მომხდარ ინციდენტზე დამატებით ინფორმაცია არ აქვს და აღნიშნულზე ინფორმაცია მედიით გაიგო. რა ეჭვები აქვს მიხეილ სააკაშვილს, გიული ალასანიას მედიასთან არ დაუკონკრეტებია.
"არაფერი არ იცოდა, იცოდა ის, რაც ნახა ტელევიზორით. მისი პოზიცია, არ ვიცი როგორია. ძალიან ეჭვით უყურებს ამას ყველაფერს რა თქმა უნდა. 4 თვე, 4 ნახევარი თვე წელეს და წელეს, ალბათ იმ იმედით, რომ ეს მძიმე მეტალები ბოლოს და ბოლოს გამოსულიყო ორგანიზმიდან, ეს იყო მიზანი ერთადერთი გაწელვის. არავითარ შემთხვევაში, რას აყენებს [ეჭვქვეშ?] რა გამოჰქონდათ იმ ექიმებს, თუ ნიმუშები გამოჰქონდათ, როგორც ვისმენთ, მაშინ რატომ არის ეს ეჭვქვეშ ვერ გავიგე, [ფეხსაცმლით?] რა მნიშვნელობა აქვს რითი გამოჰქონდათ, დაცული იყო ყველანაირად", - ამბობს გიული ალასანია.
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პოლონელ ექიმებმა ბიოლოგიური ნიმუში ერთ-ერთი ვიზიტის დროს აიღეს, შემდეგ მათ განუმარტეს, რომ ამისთვის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო.
ჩხაიძე ამბობს, რომ როცა პენიტენციურმა ნებართვა გასცა, შემდეგ ბიოლოგიური ნიმუშები ისევ აიღეს, პროცესს ესწრებოდნენ კლინიკის წარმომადგენლებიც, ნიმუშები დაილუქა ორ ეგზემპლარად, ერთი დარჩა "ვივა მედში", ერთი კი გადაეცათ პოლონელ ექიმებს.