2020 წელი 2012 წლის გზავნილებით - "ოცნება" ისევ "სისხლიანი 9 წლის დასრულების" პირობას დებს

გამოქვეყნდა:

კალენდარზე 2020 წელია, თუმცა ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მონუსხვა 2012 წლის ხერხით დაიწყო.

ოპონენტების გაშავებითა და სიძულვილის ენით მმართველმა გუნდმა დღეს ოფიციალურად დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები.

განსაკუთრებული აგრესიით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ თავდაცვის მინისტრი გამოირჩეოდა. ახმეტაში, პარტიულ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 5 წუთიან სიტყვით გამოსვლაში 4 წუთზე მეტი "სისხლიან 9 წელზე" საუბარს დაუთმო.

"ოცნების" ლიდერები დღეს თავიანთ გზავნილებშივე აიხლართნენ. ირაკლი ღარიბაშვილის ემოციური მიმართვის შემდეგ, მედიასთან ქართული ოცნების საარჩევნო "მესიჯებზე" მეტი განმარტებების კეთება მმართველი გუნდის სხვა ლიდერებს მოუწიათ.

ამბობდნენ რომ "ოცნება" მომავალზე ორიენტირებული პარტიაა და საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის, თუმცა პოლიტიკურ მეხსიერებას თუ მოვიშველიებთ, რთული გამოსაცნობი არაა, რომ ქართული ოცნება ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას კვლავ წინა ხელისუფლების მმართველობაში დაბრუნებაზე დაშინებით ეცდება. ჯერ კიდევ პარტიის თავმჯდომარემ, 8 თვიანი გაუჩინარების შემდეგ, პირველი რაც საზოგადოებას შეახსენა - წინა ხელისუფლების 9 წელია.

"ოცნების" მმართველობის 8 წლის თავზე ოპონენტების გაშავების მანქანა ხალხში ვეღარ მუშაობს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

ხალხის განწყობის მიუხედავად, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია რომ 2020 წელს არჩევნებს უპირობოდ მოიგებს. ოცნების ყოფილი თანაგუნდელებისთვის კი მათივე ყოფილი კოლეგების ბრძოლის ტაქტიკა შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვის მცდელობაა და ივანიშვილის გუნდი ამ მეთოდებით ხელისუფლებაში მოსვლას მესამე ვადით ეცდება.

მოსახლეობის წარსულში დაბრუნებით დაშინება ქართულ ოცნებას აღარ გამოუვა  -  დარწმუნებული არიან ოპოზიციაში.

ოლიგარქის ოპონენტები ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის გუნდი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ კვლავ კარგად ნაცად ხერხს აამოქმედებს და ტროლებს აამუშავებს, თუმცა მათი თქმით, საზოგადოებამ გაითავისა, რომ "ოცნება" ამ გზებს მათივე უუნარობის გადასაფარად მიმართავს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი