
"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ბელგიის მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტულ ჰაბად რჩება და ეს გადაწყვეტილება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არ ეხება.
"ცუდია, რომ ოპონენტებს და ოპოზიციას, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით მათი მუშაობა საკმაოდ ინტენსიურად გრძელდება, რომ როგორმე დამატებითი ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაქტები გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. უვიზო მიმოსვლის თემას ეს გადაწყვეტილება, რასაკვრიველია, არ ეხება," - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, დღეს "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. საგანგებო ბრიფინგზე სამადაშვილი ამბობდა, რომ ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო მიმოსვლასაც.