
"ქართული ოცნების" შემომწირველის კომპანიამ შპს "დ-კ ქონსტრაქშენმა" დაარსებიდან თვე-ნახევარში გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვის გზით 214 524 ლარის კონტრაქტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს. კომპანია 2023 წლის 4 აპრილს დაარსდა.
TI-ის ცნობით, კომპანიის წილების 50-50%-ს დავით ყიფიანი და დიმიტრი კუბლაშვილი ფლობენ. ყიფიანმა, რომელიც შპს-ს დირექტორიცაა, მმართველ პარტიას 2020 წელს 5 000 ლარი შესწირა.
"სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დიმიტრი კუბლაშვილს სამეწარმეო გამოცდილება არ გააჩნია, ხოლო დავით ყიფიანი რამოდენიმე კომპანიის დირექტორია.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს "დ-კ ქონსტრაქშენს" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის არეალში მდებარე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია განახორციელა.
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით ჩატარების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობაა მითითებული. შენობის რეაბილიტაცია უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (21 ივნისამდე) უნდა დასრულებულიყო, რადგან ქუთაისის სტადიონი აღნიშნული ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.
საქართველო რომ უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნებოდა, ეს ცნობილი 2020 წლის 2 დეკემბერს გახდა და ბუნებრივია, მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სასწრაფოდ, გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტის გაფორმება საჭირო არ იქნებოდა," - ნათქვამია განცხადებაში.