მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, ივლისის პირველი კვირა ყველაზე ცხელი კვირა იყო.
ექსპერტების თქმით, სამხრეთ ევროპის ნაწილში ამ კვირაში უფრო მაღალი ტემპერატურაა. განსაკუთრებით მაღალი სიცხეები ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში, თუმცა ევროპის კოსმოსური სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომდევო კვირებში სიცხეები მოიმატებს.
ძლიერი სიცხეების გამო იტალიაში ახალი საგანგებო პროტოკოლი შემოიღეს. წითელ სიაში 20 ქალაქია. პროტოკოლი ქვეყანაში მინიმუმ 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.
ტემპერატურის მატებამ საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში ტყის ხანძრები გამოიწვია.
საბერძნეთი: ძლიერი სიცხეების გამო ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ქრობის პროცესში 500-ზე მეტი მეხანძრე, ასევე თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული. ათენის სამხრეთ-დასავლეთით საზაფხულო ბანაკიდან 1200 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია გამოცხადდა მოხუცთა თავშესაფარშიც. განსაკუთრებით ძლიერი ხანძარი იყო ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით - რამდენიმე კურორტზე ევაკუაცია გამოცხადდა.
ესპანეთი: კანარისა და ლა პალმას კუნძულებზე დამწვარია 4 650 ჰექტარი, განადგურდა 20 სახლი, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია. ხანძარი იყო ტენერიფეზეც.
იტალია: ხანძრის გამო ქალაქ კატანიაში აეროპორტი დაიხურა. ფრენები შეჩერებულია კუნძულ სიციალიაშიც.
ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან კანადაშიც, სადაც 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. ხანძრების შედეგად 2 მეხანძრე დაიღუპა.
მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებშიც. განსაკუთრებული სიცხეებია ტეხასისა და არიზონას შტატებში. აზიის კონტინენტის ნაწილში კი მოქალაქეები წვიმებისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან.