მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს - განაცხადა კიევში, "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის" დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნიკა გვარამიამ.

სიტყვით გამოსვლისას მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნაში, რეგიონის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ:

"მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, რამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი, იმიტომ რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში.

ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ და ამის გამო მომიწია თბილისში ცხოვრება. 

2003 წლამდე საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც არ იმსახურებდა დაწინაურებას.

მიშამ საქართველო პოსტ საბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია, იმიტომ რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე.

ხელისუფლების ისტორიის ბნელ მხარეს დგომის სიმბოლოა სწორედ ციხეში მყოფი სააკაშვილი, ასევე მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო და მისი სახით ივანიშვილი სჯის დასავლეთს და უკრაინას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, ევროპაშიც, აშშ-შიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში.

მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი და მოქმედება", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი