ახალქალაქში ვართიკ მირანიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 11 აგვისტოს იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მას, განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის აქვს წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ვართიკ მირანიანის მკვლელობას კი ახალქალქში მასობრივი არეულობა და შენობების დარბევა მოყვა. ამ ფაქტზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით.