"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, "ლიბერთი ბანკის" მთავარ ოფისთან აქციას მართავს. ადგილზე პარტიის ლიდერებთან ერთად იმყოფებიან პენსიონერებიც. პროტესტის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით - "შეწყდეს პენსიონერების ძარცვა," "მდიდრდებიან პენსიონერების ხარჯზე," "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს 400 000 პენსიონერს".
პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პენსიონერებს სესხები გაუნულდებათ.
"400 000-მდე პენსიონერს აქვს საპენსიო სესხი კაბალურ პირობებში. ბიძინა ივანიშვილი და "იმედის" დამფუძნებელი რუხაძე, რომელიც "ლიბერთის" მეპატრონეც არის და მეწილეც, ძარცვავს ქართველ ხალხს კანონის სახელით. 1000 ლარში ახდევინებენ 3000 ლარს. 1500 ლარში 5000 ლარს. აგერ, ქალბატონი, კონკრეტული ქეისით, კონკრეტული ამბით, როგორ აქვს აგერ ქვითრები შენახული, რომ ერთი დღეც რომ გადაუცდა, 20 ლარით ზედმეტი გადაახდევინეს.
ჯერ ხომ 3-ჯერ მეტს ახდევინებენ, მერე ერთი დღე თუ დააგვიანეს, 20 ლარი დააწესეს, მერე საკომისიოს როგორ ახდევინებენ, ეგ თავად ჰკითხეთ და ჩვენი დაპირება, მთავარი, მნიშვნელოვანი, როგორც კი რუსული პარტია არ იქნება საქართველოში, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს მოვაშორებთ, 400 000 პენსიონერს გაუნულდება პენსია და როცა ამბობენ, რომ ეს თურმე შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა ამერიკაში 800 000 სტუდენტს ჩამოაჭრა სესხი. და, აი, ამ პენსიონერებს, განა რა არ დაიმსახურეს ისეთი, რომ კაბალურ პირობებში რომ აქვს, ის სესხები ჩამოეჭრას. მათ უმრავლესობას ძირიც დაფარული აქვს, პროცენტებიც გადახდილი აქვთ უკვე და, შესაბამისად, კიდევ ორი და ერთი წელი არ უნდა იხადონ დამატებით სესხები," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
პენსიონერები სესხების განულებას ითხოვენ.