პრეზიდენტს ციხიდან გამოსვლისთანავე მოვუწოდე, რომ სააკაშვილი შეეწყალებინა, რისკი ძალიან დიდია და ყოველთვის სჯობს სიცოცხლის სასარგებლოდ შეცდე, ვიდრე სიკვდილის - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს - ამის შესახებ ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ უკრაინელ ჟურნალისტ ვასილი გოლოვანოვთან ინტერვიუში ისაუბრა. გვარამიას თქმით, მან არ იცის, რატომ მიიღო ზურაბიშვილმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება, თუმცა თვლის, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის და პრეზიდენტმა ანალოგიური ნაბიჯი სააკაშვილთან მიმართებითაც უნდა გადადგას.

"სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ჩემი შეწყალების შესახებ ალბათ მოხდა დასავლეთის ზეწოლით, იმიტომ რომ მე მისთვის ამ თხოვნით არ მიმიმართავს. მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ვარ უდანაშაულო და უკანონოდ ვიჯექი ციხეში, ამიტომ ეს ჩემთვის პრინციპული საკითხი იყო. ასე იყო თუ ისე, პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა და ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოსთვის ზოგადად. თუმცა, მე ვთვლი, რომ მან ასევე უნდა გააგრძელოს და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილიც. ახლა ამბობენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სხვა საქმეებიც არის აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ მის შეწყალებას აზრი არა აქვს. თუმცა, ეს ასე არ არის. სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, ამიტომ თუ ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, ის უნდა გამოუშვან დაუყოვნებლივ. მისი დაბრუნება ციხეში კი უფრო რთული იქნება, ამიტომ ქართული ოცნებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

პრეზიდენტს მე ციხიდან გამოსვლისთანავე მოვუწოდე, რომ სააკაშვილი შეეწყალებინა, იმიტომ რომ რისკი ძალიან დიდია და ჩვენ შეიძლება ადამიანი დავკარგოთ. კარგი, მე მისი მეგობარი და ადვოკატი ვარ და ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც მისი ცუდად ყოფნის არ სჯერა და ფიქრობს, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს. მაგრამ რისკი მაინც არსებობს და ყოველთვის სჯობს სიცოცხლის სასარგებლოდ შეცდე, ვიდრე სიკვდილის სასარგებლოდ, იმიტომ რომ სიკვდილის შემთხვევაში ვერაფერს გამოასწორებ." ამბობს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი