
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, სვანეთში მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადების შემდეგ 518 პირი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. აღნიშნული 518 პირიდან, 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებში, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული.
ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო საკარანტინო სივრცედ უკვე გადაკეთდა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად ტრანსპორტი იყო მობილიზებული. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში, - წერია განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი აგრძელებენ მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას და საჭიროების შემთხვევაში, სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება.
ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია, - წერია უწყების განცხადებაში.
ამჟამინდელი მონაცემებით, სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.
მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.