მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი გამოცხადდა - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
დაბა მესტიაში, სოფელ უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის სოფლებს შორის, - თქვა მთავრობის წარმომადგენელმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილზე ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, ბანკებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ ობიექტებს ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 სოფელ გაჩიანიდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილია, ხოლო კიდევ ერთის კონტაქტების მოძიება ამჟამად მიმდინარეობს.