
დანიური გამოცემა "სოლიდარითი" აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით "საქართველოში ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებაზე ბრალდებები EU-ს ორ სახეს აჩვენებს". სტატიაში საუბარია თბილისის მერიის მიერ 2021 წელს ახალი ავტობუსების საეჭვო შესყიდვაზე.
თანხა მოდის განვითარების ბანკიდან - EBRD, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მიღებული სესხით მერიამ 200-ზე მეტი ავტობუსი შეიძინა. ჟურნალისტი წერს, რომ EBRD-ის პროექტებში სრული გამჭვირვალობის მოთხოვნა არ არსებობს – ამიტომ ბრალდებებზე ნამდვილი პასუხის მიღება შეუძლებელია.
ავტორი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს მთავრობას სთხოვდა ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც შექმნიდა გამჭვირვალობას ადმინისტრაციაში კორუფციის პრევენციის მიზნით. მისივე თქმით, ევროკავშირი, ერთი მხრივ, აყენებს ამ მოთხოვნას და, მეორე მხრივ, აფინანსებს პროექტებს საქართველოში EBRD-ის მეშვეობით, რომელსაც ღიაობის იგივე პრაქტიკა არ აქვს.
ჟურნალისტის აზრით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ფინანსდება დონორების ფულით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი კონტრაქტები. ავტორი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გუნდის წევრს, სანდრო ქევხიშვილის ესაუბრა, რომელიც განმარტავს:
"პრობლემა ის არის, რომ EBRD არ მოითხოვს, რომ კონტრაქტები - მათი დაფინანსების შედეგად გაფორმებული - გამოქვეყნდეს, რაც გამჭვირვალობის უფრო დაბალი სტანდარტია, ვიდრე საქართველოში გვაქვს. „ძირითადად, დონორთა მიერ დაფინანსებული შესყიდვების კონტრაქტები არ არის საჯარო, რაც ქმნის დიდ ბლოკადას საჯარო ზედამხედველობისთვის".
სტატიაში იმის მაგალითად, თუ რატომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ხელმისაწვდომობა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების კონტრაქტებზე, 2021 წლის თბილისის მერიის შესყიდვაა მოყვანილი.
ჟურნალისტი წერს, რომ ყოფილმა პოლიტიკოსმა, ირაკლი აბესაძემ მერია თურქული კომპანია BMC-ისგან ახალი, მწვანე ავტობუსების ძალიან ძვირად შესყიდვაში დაადანაშაულა. სტატიის მიხედვით, "ფორმულასთან" საუბარში აბესაძემ განმარტა, რომ მან მიიღო საჯარო დოკუმენტებზე წვდომა მერიიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ერთეულ ავტობუსში 250,000 ევრო გადაიხადეს. აბესაძე ამბობს, რომ აღნიშნულმა გააკვირვა, რადგან თურქეთში ანკარაში და სერბეთის ნოვი-სადში ავტობუსებში გადაიხადეს 170,000-188,000 ევრო. Formula-ს მიხედვით, თბილისის მერიამ ჯამში დაახლოებით 55 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ავტობუსები რომ იმავე ფასში შეეძინათ, როგორც ანკარაში, 38 მილიონის გადახდა საკმარისი იქნებოდა.
სტატიაში ნათქვამია, სურთ EBRD-ს ჰკითხონ, გამოიკვლია თუ არა ავტობუსების შეძენის საქმის მიმდინარეობა, რადგან, როგორც ჩანს, გადახდილია მნიშვნელოვნად მეტი ფული. ჟურნალისტს ასევე აინტერესებს აქვს თუ არა EBRD-ს საერთო პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების საფრთხე არსებობს, როდესაც შეუძლებელია EBRD-ის დაფინანსებით დადებული შესყიდვის კონტრაქტების გარკვევა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე.