უახლოეს მომავალში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგი შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ - ამ განცხადებას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს და წერს, რომ ამ მიზნით, რუსული FSB სადგურის პერსონალში დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს უკრაინის უსაფრთხოება ემზადება სადგურზე თავდასხმისთვის.

"ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს მოეწყობა ატომურ სადგურზე "შეტევა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "თავდასხმის ჯგუფები" და უსახელო "უკრაინის მოხალისე შეიარაღებული ნაწილები" - წერს უკრაინის დაზვერვა.

მათი განცხადებით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ოკუპანტები ამზადებენ ოპერაციას "უცხო დროშის ქვეშ", რომელიც გამოიწვევს მასშტაბურ ავარიას სადგურზე - "არსებული ინფორმაციით, ამჟამად მზადდება სადგურის მორიგი იმიტირებული დაბომბვა, რომლის მიზანიც უკრაინის შემდგომი დადანაშაულებაა" - აცხადებს უკრაინა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 4 მარტს დაიკავეს, რის შემდეგაც რუსების ქმედებებმა არაერთხელ გამოიწვია ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა და ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე სახიფათო ვითარების შექმნა.

უკრაინა აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირების ერთადერთი გარანტი მისი უკრაინისა და IAEA-ს [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო] სრული კონტროლის ქვეშ დაბრუნება და სადგურის ირგვლივ, ფართო დემილიტარიზებული ზონის შექმნაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი